28
Jul
09

ცხოვრება წამებში

tango
უცბათ მოხდა ყველაფერი.სცენაზე ახალგაზრდა, მკვირცხლი კაცი ავიდა, დირიჟორს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. ჩაიღიმა ჭაღარა, ტანმორჩილმა კაცმა. მერე თავის ჯადოსნურ ჯოხს მაგიური მოძრაობა გააკეთებინა ჰაერში და სათვალის ზემოდან გადმოხედა უზარმაზარ არმიას, საკრავი ინსტრუმენტებით რომ იყვნენ შეიარაღებულნი. გადაამოწმა რა, რომ თითოეული მის ჯოხზე იყო კონცენტრირებული, ნაზად ასწია მარჯვენა ხელი და გაიქნია..

და დაიწყო.. მომაჯადოებელმა ხმებმა აავსეს უზარმაზარი დარბაზი. იდეალურად შესრულებულმა ვალსის მისტიკურმა ჰანგებმა დაუარეს ხალხს და სისხლი აუჩქროლეს. ნელ – ნელა მომრავლდნენ მოცეკვავე წყვილები. გაღიმებული, ბედნიერი სახეები, ოქროსფერი ფუშფუშა კაბები და შავი, მოტკეცილი ფრაკის ბოლოები. ტრიალებდნენ, მოძრაობდნენ, სიამოვნებდათ..
ყმაწვილი, რომელმაც მოინდომა ცეკვა, შეწუხებული სახით დადიოდა მაგიდებსა და წყვილებს შორის და ჩანდა, რომ სულმოუთქმელად ეძებდა ვიღაცას. უცბათ მიმტანს გადააწყდა. მაღალმა, ჭაღარა კაცმა ღიმილით შეახსენა საერთო ვალდებულება: ნიღაბი უნდა გაეკეთებინა, და გაშორდა. ცისფერი თვალები გამოკრთა შავი ნიღბიდან, რომელიც სახის ნაწილს თუ ფარავდა მხოლოდ.
ბოლოს იპოვა. იგი დარბაზის ბოლოში, მაგიდას უჯდა მასავით მშვენიერ ახალგაზრდა ქალბატონებთან ერთად და მათთან საუბრითა და სიცილით ერთობოდა. არამიწიერი სილამაზით ბრწყინავდა. ქერა თმა, თეთრი მხრები, ოქროსფერი კაბა, თეთრი ნიღაბი – ჭეშმარიტად საღამოს დედოფლი ბრძანდებოდა!
გაუბედავად მიუახლოვდა ბიჭი. მერე, გულის ჯიბიდან ვარდი ამოიღო, მარცხენა მუხლზე დაიჩოქა და მოწიწებით მიართვა. ლოყები შეუფაკლდა გოგონას, მხოლოდ დაკვირვებული თვალისათვის შესამჩნევი კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ღვთაებრივ სახეზე, ნელა ასწია ხელი და ყვავილს წაატანა. ბიჭმა აცადა, მერე, მსუბუქად მოიმწყვდია მისი ხელი ხელში და მოწიწებით ეამბორა.
ყველაფერი ზუსტად ისე ხდებოდა, როგორც ზღაპრებში არის ხოლმე აღწერილი. მაგიდასთან მსხდომნი, აქამდე უსიტყვოდ მყოფნი, ერთმანეთისკენ გადაიხარნენ და ჩურჩული დაიწყეს. ბიჭმა, ყურადრება არ მიაქცია არც მათ, არც გოგოს ხელის „წინააღმდეგობას“ და საცეკვაოდ გაიწვია თავაზიანად.
ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი საღამო. უნაზესი და სულზე უტკბესი მელოდია ავსებდა ადამიანებს, სულით ხორცამდე აგრძნობინებდა თავის ძლიერებას და თავისით, სრულიად ბუნებრივად აკეთებინებდა საოცრად დახვეწილ და სრულყოფილ მოძრაობებს.
თავდაპირველად, თვალები ჰქონდა დახუჭული და თავდავიწყებას იყო მიცემული. ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც არაერთხელ უოცნებია. ყველაფერი შესანიშნავი იყო. ახლა ვეღარავინ დააჯერებდა, რომ ზღაპრები, სადაც ჯადოსნობაზე ლაპარაობენ, სიმართლე არ იყო. მერე ნელა გაახილა თვალები. უფრო ახლოს მიეკრო პარტნიორს, ყურთა ტუჩები მოუტანა და ჩასჩურჩულა:
– ჩვენ, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ?
– სამწუხაროდ არა.. – დაიგვიანა პასუხმა. – იცით მე..
– არა, არ გინდათ, დარჩით ინკოგნიტოდ..
– მაგრამ..
– რა მაგრამ?
– არაფერი.
ბრუნი, თავის დახრა, შემოვლა, მერე ბრუნი, მერე თავიდან, ისევ.. ყველაფერი თითქოს თავის თავად მოდის, უდიდეს სიამოვნებას განიჭებს და უამრავ ცრემლს გგვრის.. მერე ისევ..
– წუთიდან აქ მოსვლისა, მე თქვენ თვალს ვერ გწყვეტთ.
– მართლა?
– დიახ, მართლა. მე პირველად ვიხილე მსგავსი მშვენება და პირველად ვიგრძენი მსგავსი რამ.
ო, ღმერთო ჩემო! როგორ ლაპარაკობს.. არა, არ შეიძლება ასე მოხდეს, სიზმარს ჰგავს ნამდვილად ეს ყველაფერი.. ნუთუ?..
– მაინც, რა იგრძენით?
– ეს იყო გრძნობა, რომელმაც ცაში ამიყვანა. თქვენ, რაღაცნაირად, ჩემში ჩაიღვარეთ. მე არ შემეძლო უთქვენოდ გაძლება და აი, საბოლოდ, ავისრულე კიდეც წადილი – მე თქვენ გეცეკვებით!
– რა სისულელეა!..
– შეიძება, მაგრამ ეს სიმართლეა.
კიდევ ბრუნი, თავის დახრა, შემოვლა.. ცამდე აყვანილი მშვენიერებით ბრწყინავდა ულამაზესი დარბაზის შუაში მოცეკვავე წყვილი. ცეკვა გრძელდებოდა და თითქოს დასასრული არ უჩანდა ამ ჯადოსნური გარემოსგან მოსული ემოციის ნაკადს, გულს რომ ასე საამოდ ათროლებს და გასაქანს არ აძლევს აბობოქრებულ სულს, სხეულის დატოვება და ყვირილი რომ უნდა, თუნდაც სულ ერთი წამით.. მაგრამ ეს არ ხერხდება და ამ ყველაფრისგან მოდუნებული, საოცარ თავდავიწყებას ეძლევი და სხეულიც თავისთავად ასრულებს მოძრაობებს..
– თქვენი გულის ძგერა მესმის.. – ჩასჩურჩულა ვაჟმა, როდესაც თითქმის მთელი ტანით მიეკრო მას პარტნიორი.
– ჩემი? ჰმ.. რაღაც არა მგონია!.. – ყველანაირად შეეცადა ხმაში ბუნებრიობსა და ირონიის თუნდაც ნატამალი მაინც გაერია, მაგრამ უშედეგოდ.
– აი, მე კი მგონია. – გაიღიმა ბიჭმა. – იცით, შეიძლება ეს ცეკვა, უკანასკნელიც კი იყოს..
– უკანასკნელი?
– დიახ, უკანასკნელი.
მაინც არ მოხდა ზღაპრებისეულად. ცხოვრება ხომ არ არის ლამაზი თამაში. თუ თვითონ არ შექმენი, არც ილუზია მოვა და არც სილამაზე. გოგოსაც არ მოსწონდა უკვე ვაჟის სითავხედე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორიოდე სიტყვაში გამოიხატა. იგი რაღაც სხვას ელოდა, რაღაც იდუმალსა და ამოუცნობს. არა, თავადაც არ იცოდა რას, მაგრამ ამას არა..
– პირობას გაძლევთ, ცეკვის დამთავრებისთანაზე გავქრები თქვენი ცხოვრებიდან. – თითქოს მიუხვდა იდუმალ გულისწადილს.
არაფერი უპასუხია. მხოლოდ გული დაწყდა, სულ სხვანაირად რომ წარმოედგინა ყველაფერი, ახალა, უკვე გამორკვეული, სხვა თვალით უყურებდა ყველაფერს.
– იცით, მე თქვენ..
– თქვენ მე მიცნობთ?
– თქვენ? თქვენ ვინ არ გიცნობთ..
– ადრე შევხვედრივართ ერთმანეთს? – სულ ერთი იყო, დადებით პასუხს მიიღებდა თუ არა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მიეტოვებინა ვაჟი და თავის ადგილას დაბრუნებულიყო.
რა აბრაზებდა? არაფერი. საკუთარი თავი აბრაზებდა მხოლოდ. თავიდან ხომ ყველაფერი ისე იყო.. როგორც ბევრ ახალგაზრდა ბანოვანს, მასაც ჰყავდა საკუთარი ოცნების პრინცი, დაწოლის წინ რომ ოცნებობენ ხოლმე. ჰოდა სწორედ ამ პრინცში გააიგივა ეს ვაჟი. მართალია წულ წამით, მაგრამ მაინც ეგონა, რომ ახდა სიზმარი.. (ხომ მუდამ წამის მეასედებშიც კი არ ვრცელდება სანატრელი წუთები, და მუდამ სანანებლად ხდება ხოლმე მათი უფრო ნეტარად არ გამოყენება!) გამოერკვა და გული დაწყდა. მერე კიდე საკუთარ თავზე გაბრაზდა. ჯავრი კი, რა თქმა უნდა, ბიჭზე იყარა. ჰოდა,, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ პასუხზე რამე უკმეხად ეთქვა და დაენებებინა ცეკვისთვის თავი.
– მოდით, უბრალოდ ვიცეკვოთ, მუსიკის ბოლომდე!.. – ბიჭმა ოდნავ მოუჭირა ხელი ხელზე.
არ მოელოდა ასეთ პასუხს ახალგაზრდა ქალი. შეცბუნდა და ხმა ვერ ამოიღო. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, არასოდეს მის ცხოვრებაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ არ მოქცეულა. არა, ეს არ იყო სურვილის წინააღმდეგობა!..
მუსიკა გრძელდებოდა. ცნობიერებიდან სისხლძარღვებამდე აღწევდა. იქიდან კი ნელი დინებით მთელ სხეულს დაივლიდა, აავსებდა მათრობელი მელოდიით, მერე გულში იღვრებოდა, იქ გროვდებოდა და რიტმულად, მძლავრად მიეწოდებოდა კიდურებს, რომლებიც მორჩილად ასრულებდნენ არსთაგამრიგეს სურვილს. ღვთაებრივი შუქით ანათებდა სულს მოხუცი, კეთილი დირიჟორის მუსიკა, სითბოთი და სიხარულით ავსებდა შინაგანად ადამიანებს და მერე ნელა, ძალიან ნელა, წვეთ – წვეთად უერთდებოდა დარბაზში გამეფებულ საყოველთაო ქაოსს სრულყოფილებისას.
ბურუსმა მოიცვა ირგვლივ ყველაფერი, მხოლოდ პარტნიორის შავი ფრაკის სახელოსღა ხედავდა. ძალაუნებურად ჰყვებოდა რიტმს და საერთოდ ვერ ხვდებოდა თუ რას აკეთებდა. ჭეშმარიტად უძლიერესი ყოფილა მსოფლიოში არსებულ ძალათაგან მუსიკის ძალა!
მერე თანდათან დამშვიდდა. სრულდებოდა ცეკვა. ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს პარტნიორები. ძალიზედ თავაზიანად დაუკრა თავი ვაჟმა, თავად რევერანსი გაუკეთა. ასე ეგონა, მთელი ცხოვრება გაატარა ვაჟის მხარზე დაყრდნობილმა. წამიერად შეეცვალა გუნება განწყობილება. არ იცოდა რა ხდებოდა მის სხეულში. ნელ – ნელა ევსებოდა. ჩუმი დუდუნით მოიწევდა, მთელ კიდურებს დაივლიდა და სახეს მოაღწევდა.. და ბოლოს.. მიწვდა..
ცრემლმა იფეთქა ქალიშვილის თვალთაგან. ვერავინ შენიშნა ეს მის ნიღაბქვეშ.
რა ატირებდა? ადამიანს, რომელსაც არაფერი აკლდა ცხორებაში, რომელსაც მამაკაცები თავზე ეხვივნენ, რომელსაც დაცინვის, ირონიისა და გართობის მეტი არაფერი ამოძრავებდა მათ მიმართ, სწორედ რომ მამაკაცის გამო სცვიოდა ცხოვრებაში პირველად ცრემლი!
არა და არა! არ შეიმჩნევს! შეეცდება გაიღიმოს, სულ ბოლო მოძრაობა და ყველაფერი მორჩება.. სიკვდილი ურჩევნია ახლა ღიმილს.. ტყვიასავით დაუმძიმდა და რკინასავით გაუშეშდა ლოყები. მთელი ძალ – ღონე მოიკრიბა, მაგრამ ვერაფერი გააწყო – ღიმილმა ვერ დაფარა მისი სახე. ნელ – ნელა მსხვილი წვეთები ჩამოიღვარნენ..
ახლა ყველაფერი შეიცვალა. სიცოცხლეს მისცემდა, ოღონდ ბიჭს არ შეემჩნია მისი მდგომარეობა, მარცხნივ თავის შებრუნება, მერე დაკვრა და.. აი, თვალები გაუსწორდნენ ერთმანეთს! არა, აღარ შეუძლია მეტი. ყოვლად მოდუნებული სახით შეაცქერდა ყმაწვილს – რაც მოსახდენია მოხდეს. თითქოს თოკით ეწევიანო, მისი თვალები ისე იზიდავა, აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა თუნდაც ამისთვის. ახლა, ამ მომენტში, სიმაღლიდან გადმოგდება რომ დაგეპირებინათ მისი, ხელს ვერ გაანძრევდა თავის საშველად. ამ ერთ ცეკვაში დატოვა მთელი თავისი განვლილი ცხოვრება, ენერგია, ყოფიერი, მფეთქავი ახალგაზრდობა..
და ბოლოს.. მაინც მოხდა მოსახდენი: მამაკაცს თვალები გაუფართოვდა. ნამდვილად ვერ მიმხვდარიყო თუ რატომ უნდა წამოსვლოდა ცრემლები მის პარტნიორს. შეცბუნდა და ხმის ამოღება დააპირა.
– რამემ შეგაწუხათ? – შეეკითხა უზომოდ შეწუხებულმა და, პასუხი რომ არ მიიღო, თავი ჩაქინდრა და უთხრა. – მე გაწყენინეთ? პატიებას გთოვთ.. როგორც დაგპირდით, ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, ეს აუცილებლად იქნება თქვენი გამოკეთების საწინდარი.. მშვიდობით..
ის წამები, რაც ვაჟმა ამ სიტყვების წარმოთქმას მოანდომა, ქალისთვის საუკუნე იყო. ამ საუკუნეში მან მოასწრო თავიდან დაელაგებინა(აგერ უკვე მერამდენედ!) ყველაფერი. მის გონებაში კვლავ აკიაფდა იმედი, რომ ოცნებები აუხდა და რომ სრულყოფილებას მიაღწია. იგი მზად იყო ყველაფერი დაევიწყებინა და სამუდამოდ გაჰყოლოდა თავის კავალერს თუნდაც ქვეყნის დასალიერში..
მორჩა ყველაფერი. აღარც ერთი რიტუალი აღარ დარჩა. ვაჟმა თვალი ვერ გაუსწორა ქალს, ნელა იწყო უკუსვლა, მერე სწრაფად მობრუნდა, მხოლოდ მის ტანზე კოხტად მომდგარი ფრაკის ბოლოს ფრიალსღა თუ მოკრავდით თვალს, და გაუჩინარდა.
ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. მარტოდ დარჩენილი, საოცარ მდუმარებასა და გაურკვეველ გრძნობას მოეცვა. დრო იყო საჭირო, რომ ყველაფერი გაეანალიზებინა, ხმის ამოღება არ შეეძლო. აგერ, წუთსაც არ გაუვლია, რომ ახალი მუსიკის დასაკვრელად მოემზადა ორკესტრი, ხოლო მისი მხლებელი გოგონები სასწრაფოდ მივარდნენ, შემოეხვივნენ და მაგიდისაკენ გაიტაცეს.
– თვალს არ გაცილებდით, შესანიშნავად იცკვე, ძვირფასო..
– ვინ იყო ის მშვენიერი ყმაწვილი?
– მე კი არ მომეწონა, – საოცრად გამაღიზიანებელი ტონით თქვა ჟღალთმიანმა, ასე ოციოდე წის ქალმა. – ასე უტიფრად რომ მოვიდა და გამოგიწვია. არ უნდა წაჰყოლოდი! კიდევ კარგი წავიდა, ჯანდაბამდეს გზაც ჰქონია!
ცრემლები შეშრობოდა, მაგრამ ლაპარაკის თავი მაინც არ ჰქონდა. მეგობრის სიტყვების გაგონებისთანავე მკვეთრად შებრუნდა, ნიღაბი მოიხადა და თვალებში შეჰხედა.
– ღმერთო ჩემო, ცუდად ხარ? ფერი არ გადევს! ამოიღე ხმა! – შეწუხდა.
– ის.. ის აღარ მოვა.. – ძლივს წარმოსთქვა და თავი ხელებში ჩარგო.
არავინ მიაქცია ყურადღაბა მის ნათქვამს, ძალიანაც კარგიო – დაამატა იმ ჟღალთმიანმა და სხვა თემაზე განაგრძეს საუბარი. ვერავინ ხედავდა, რომ თავი არ აუწევია ხელებიდან, ვერც იმას ხედავდნენ, თუ როგორ ძლიერად უცახცახებდა მხრები ახალგაზრდა, ჭეშმარიტად საღვთო სილამაზის ქალს..

Advertisements

0 Responses to “ცხოვრება წამებში”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: