28
Jul
09

სოფელში არა

villagebycorreiae
გიგო პაპა სოფელში დაიბადა, გაიზარდა, დავაჟკაცდა და დაბერდა. ზოგჯერ ქალაქშიც ჩადიოდა, მაგრამ დიდხანს არ ჩერდებოდა. 80 წლისა ისე მოიყარა, რომ ერთგული დარჩა თავისი კერიის, გუთნისა და სასხლავის.

როცა იყო, ბევრჯერ შეეძლო ქალაქში დასახლება, სხვა ცხოვრებით ცხოვრება, უკეთესი მომავალი, კეთილდღეობა.. მაგრამ არა, არ ქნა. სოფელი არჩია..
ოთხი შვილი ჰყავდა. წყვილი ქალ – ვაჟი. ოთხივე დაათხოვ – დააქორწინა. დარჩა ისევ მარტო. მეუღლე ჯერ კიდევ ნაბოლარას დაბადებისას წაიყვანა თავისთან მარიამ ღვთისმშობელმა..
დიდი სახლ – კარი ედგა. ზაფხულში მუდამ სავსე იყო შვილიშვილებით, ჟივილ – ხივილითა და სიცოცხლით, რომელიც მუდამ ასე მძაფრად იგრძნობა ბავშვიან სახლში.
ზამთრობით შვილებს სტუმრობდა. სამი თვე სწრაფად გადიოდა. ერთმანეთს ეცილებოდნენ მამის პატივისცემაში ღირსეული შთამომავალნი.
შემოდგომისას კი ბრუნდებოდა. თავის სამშობლოს, თავის სახლს, თავის ვენახს უბრუნდებოდა.

***

– მამა! – ჭიშკარი შეაღო ერეკლემ.
ეძინა მამამისს.
სახლის კარი გააღო, ავიდა. გიგოს ოთახთან გაჩერდა. ჯერ ფრთხილად დააკაკუნა, მერე კი, პასუხი რომ არ მიიღო, პირდაპირ შეაბიჯა.
მშვიდად იყო წამოწოლილი საწოლზე და ღრმა ძილით ეძინა ერეკლეს მამას.
– უჰ, ძინებია! – გაიფიქრა შვილმა. – მე კი რა აღარ ვიფიქრე..

***

– რა მოხდა შვილო, რამ ჩამოგიყვანა ასე უცებ ამხელა გზაზე? ხომ მშვიდობაა? გეთქვა მაინც რომ მოდიოდი..
– იცი რა არის მამა.. – დაიწყო გაუბედავად ერეკლემ. – ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასე აჯობებდა როგორც როგორც შენთვის, ისე ჩვენთვის. ანუ მთლიანად ოჯახისთვის.
– რა მოიფიქრეთ შვილო?
– შენ უკვე 80 წლის ხარ.. აღარც ჯანი მოგდევს.. ავადმყოფობ ბევრს.. აქ მარტო ცხოვრობ.. რამე რომ მოგივიდეს, სანამ რომელიმე მადლიანი მეზობელი შეგნიშნავს და გიშველის.. რა იცი რა ხდება..
სიტყვას არ აწყვეტინებდა მოხუცი. თუმცა შვილს მამის მხრიდან ამის გაკეთებას ყველაფერი ერჩივნა..
– მოკლედ.. ვფიქრობთ რომ ქალაქში უნდა გადმოხვიდე ჩვენთან.. საცხოვრებლად.. ხან ერთთან იქნები – ხან მეორესთან. ბავშვებსაც გაუხარდებათ გვერდით რომ ეყოლები სულ..
– სახლი? სახლს რა ვუყოთ? – ხელების ნერვიული სრესით შეეკითხა მშობელი.
– სახლი.. სახლი უმჯობესი იქნება რომ გავყოდოთ. არავინ ეყოლება აწი მომვლელი და რაღა საჭიროა.. ყოველ წამს ძარცვა და ათასი უბედურობა ხდება დაკეტილ სახლში.
მოხუცს ხმა არ გაუღია. ეს თანხმობის ნიშანს ჰგავდა.
ყველაფერი ეს, გიგო პაპამ შვილების მეტისმეტი სიყვარულითა და რიდით გააკეთა. ერეკლემ და მისმა და – ძმებმა კი – ასევე დიდი სიყვარულით, მაგრამ უგნურებითაც..

***

– ბაბუ! ბაბუ! დაგვითხოვეს სკოლიდან! – მოვარდა სახლში აქოშინებული, აწითლებული, მაგრამ საშინლად გახარებული შვილიშვილი. – ივნისი იწყება! აწი აღარ ვივლით სკოლაში! არდადეგები დაიწყო!
– ხო ბაბუ.. ყოჩაღ!.. აწი ბევრი, ბევრი ითამაშე! – ბაბუამ ლოყაზე აკოცა შვილიშვილს და ფანჯარაში გაიხედა.
– ეეჰ.. ეხლა მალე ყანებს შეესევიან სოფელში. რა ჯობია იმის ყურებას…

***

– ბაბუ! ბაბუ! აი ნახე რამდენი ფოთოლი მოვაგროვე და დღიურში ჩავაკარი! – შვილიშვილმა მიირბინა ბაბუასთან და შემოდგომის ნაირფერი ფოთლებით აჭრელებული დღიური დაანახა.
– აი ყოჩააღ! -აკოცა შვილიშვილს ბაბუამ. – ეს რა ლამაზი გაგიკეთებია! – კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას და ფანჯარაში გაიხედა.
– ეეჰ.. ჩემთან, სოფელში.. რა კარგია ახლა იქ ყოფნა.. რთველი, ხილი.. სილამაზე..

***

გიგო პაპა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოფლის სახლის გაყიდვისა და ქალაქში გადასახლებიდან 10 თვის თავზე. შვილებს უკვირდათ: ასე კარგად გრძნობდა თავსო.. რა თქმა უნდა სწუხდნენ და გლოვობდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გრძნობდნენ სიამოვნებას იმის გამო, რომ სიკვდილმა იქ, სოფელში არ მიაკითხა მარტო მყოფს..
ცდებოდნენ..

Advertisements

0 Responses to “სოფელში არა”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: