28
Jul
09

Theme number three

ssadclown
”ვაი, რა ბოძი წაგვექცა
სახლ-კარი თავს დაგვექცაო..”
გურამიშვილი

ეძღვნება ჩემი ბებიის ნათელ ხსოვნას

კვირას, საღამოს თერთმეტ სათზე გათავდა.. წამოიწია საწოლზე, შვილს მოუხმო, ნოდარი იკითხა, მღვდლის მოსაყვანად არის წასულიო, უთხრეს. მერე ღრმად ჩაისუნთქა და გათავდა.. აღარ ამოუსუნთქავს.
შეძახილმა შეძრა არემარე. ქალის ტირილმა. სასწრაფო გამოიძახეს. იქ, ყველა ყველას იცნობდა, პატარა ქალაქი იყო, ხალხი ახლობლობდა ერთმანეთთან.. მდუმარედ, სახემოტირალნი გავიდნენ ოთახიდან ექიმები.
დილით, გარიჟრაჟზე შვილები ჩამოვიდნენ. სულ ოთხნი იყვნენ, ერთი ბიჭი ყავდათ. ორი და ჩამოვიდა, დანარჩენები შეესწრნენ..
მდუმარებამ დაისადგურა სახლში. თერთმეტი წლის შვილიშვილი რაღაცას ხვდებოდა და გარინდებული იყო.

*

ცრემლები..
თბილისში ყველას გააგებინეს. ახლო ნათესავებმა ჩამოსვლა იწყეს.
ისევ ცრემლები.. შიგა და შიგ ეზოში, კაცებს შორის ღიმილსაც შეამჩნევდა დაკვირვებული თვალი..

*

გზაში მხიარულად იყვნენ შვილიშვილები. თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდაროყო.
თანდათან უახლოვდებოდნენ. თანდათან იღუშებოდნენ ძალაუნებურად. აქამდე მიუხვდომელს იაზრებდნენ. სევდა იდებდა ბინას მათ გულებში.

*

ჩავიდნენ.. სახლი ვერ იცნეს ლამის. თავად უფრო დაღვრემილებს, სხვების უხასიათობა ადარდებდათ. ავიდნენ.. გული მოუკვდათ.. ვერ გაძლეს, მალე ჩამოვიდნენ..
გოგო სახლში შევიდა. ბიჭი და მამამისი გარეთ, კაცებთან დადგნენ. გულზე მოეშვათ ხალხში. გაიღიმეს..

*

სამგლოვიარო მუსიკა.. პანაშვიდი, მღვდელი და ყველას გულში დასადგურებული სულიერი მშვიდობა.. გარეთ, ეზოში, სამძიმრების მიღება..
სახლში სიჩუმეა. გარეთ. ჩვეულებრივად საუბრობენ, შიგა და შიგ იცინიან..
რიგ – რიგობით ჭამენ საჭმელს ნათესავები. მეზობლის ქალები მაგიდის გაშლა – ალაგებას ვერ აუდიან პატარა სასადილოში.

*

უახლოესი ნათესავები ჩამოვიდნენ თბილისიდან როგორც კი შეძლეს. მეგობრები და მეზობლები..
– როგორ წაგვიხვედი.. როგორ მენანები, როგორ არ მემეტები მიწისთვის, ვაიმე!.. – ცრემლიანი და საოცრად გულწრფელი მწუხარება.
ქალები ავიდნენ. ქმრის ბიძაშვილი, წლების მანძილზე ერთად ნაცხოვრები, იგივე ძმა, 78 წლის ჭაღარა, კეთილი მოხუცი ვერ ავიდა.. ვერ შეძლო.. მისაღებში კაცებთან ჩამოჯდა. წყლიანი თვალები მიმოავლო იქაურობას და თავი ჩაქინდრა.
– როგორ ხარ, ვასილიჩ!
არ უპასუხა. ცოტა ხანში, თავი აიღო და კიდევ უფრო წყლიანი თვალები მიანათა მკითხველს.
– შენ?
– მე? მე როგორ ვიქნები, მეორე დედა დავკარგე..- დისშვილმა ხელახლა დანამული თვალი აარიდა..

*

დილით ხუმრობა, სიცილი.. მერე ზემოთ.. ისევ მოღუშული სახეები.. გაწელილი წამები და უსასრულობაში გადასული სიყვარული.. ბოლო დღეა.. გასვენება, გამოთხოვება და ცრემლები..
ეზოში მომსვლელებმა იწყეს დენა. საიდან აღარ ჩამოდიოდნენ. ყვავილები და დიდი გვირგვინები მოჰქონდათ. გადაიჭედა ეზო ნაცნობი თუ უცნობი სახეებით.

*

წაქცეული სკამები.. უკანასკნელი ამბორი და აბსოლუტურად ყველას ცრემლები..

*

– ღმერთო, მიიღე მხევალი შენი..
– აწ და მარადის, და უკუნისი უკუნისამდე, ამინ!

*

მერე პროცესია. მეზობლებმა საფლავი გათხარეს, ჩაასვენეს და მიწა მიაყარეს.. ყველას უყვარდა, ყველა დარდობდა, ყველას ენანებოდა..

*

ქელეხი.. სუფრა დარბაზსა და სახლში.. ფლავი და კორკოტი. უამრავი სადღეგრძელო.
მერე, როცა სტუმრიონობა დარბაზში მიილია, ასე თუ ისე, ცალკე სუფრა „ბიჭებში“, გემრიელად..
– ძმებო..ჩვენს ძმას, ჩვენს უახლოეს ადამიანს, დღეს დედა დავუსაფლავეთ.. მე მინდა, რომ ამ საოცარი ქალის, ამ კეთილი ქალის, ჩვენი ყველასი სათითაოდ დედის, დეიდის და ბიცოლის, უდიდესი სიყვარულით და სითბოთი აღსავსე ქალის სადღეგრძელო შევსვათ.. მოდით ბიჭებო, ღმერთს შევევედროთ, რომ მუდამ ნათელში ამყოფოს, ალბათ მართალი უთქვიათ, ღმერთს საუკეთესოები თავისთვის უნდაო, აბა ჩვენი ყველაზე დიდი.. ნიშანსვეტი.. რომ გამოგვაცალა.. აბა, ჩემო ნოდარ, დედაშენის სულის სახსენებელი იყოს, ვილოცოთ და ღმერთს შევთხოვოთ, რომ ნათელში ამყოფოს, ათასჯერ უფრო ბედნიერად და ტკბილად, ვიდრე აქ იყო.. ღმერთო, შენი სახელის დიდება, დაილოცოს შენი სამართალი, შეისმინე ჩვენი ვედრება! ამინ! – პირჯვარი გამოისახა, მერე ჭიქა ასწია თამადამ, სუფრის ყველა წევრს სათითაოდ მიუჭახუნა და შესვა.
– ვარდი და ია..
– მადლობა, ბიჭებო!
– ხსოვნა – მოგონების, არ – დავიწყებისა იყოს!..

*

იმ დღეს, ის სუფრაზე ორმოცზე მეტი სადღეგრძელო დაილია. სულ ყველა გარდაცვლილებს ეძღვნებოდა..

*

სახლში სუფრების ალაგებას ვერ აუდიოდა ხალხი, სიცილი და სადღეგრძელოები დილამდე იყო..

*

მორჩა ყველაფერი. მეორე დილით, გუშინდელმა, ღვინით დროებით შეჩერებულმა დარდმა ამოხეთქა. აღარ იყო სიცილი.
ეზოში გავიდნენ. ერთმანეთის რცხვენოდათ თითქოს. მოისაკლისეს ვისთვისაც შეიკრიბნენ და თვალს ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს..
პატარა, 4 წლის ანგელოზი სიცილ – კისკისით დახტოდა თოვლში. უხაროდა.. ღრმა, უსაშველოდ ლურჯ თვალებსა და ულამაზეს ოქროს კულულებს ათამაშებდა.
ყველა გაშეშდა.. უხერხულად შეიშმუშნენ..
ბოლოს ნოდარი მივიდა, დისშვილი ხელში აიყვანა და აკოცა. გოგონამ თოვლი დააყარა სახეზე და ორივემ გულიანად გაიცინა.
სახლში, ეზოში, უბანში, ქუჩაში, ქალაქში, სიცოცხლე ძალებს იკრეფდა. ძლიერდებოდა, იზრდებოდა და ლამაზდებოდა.
სიცოცხლე გრძელდებოდა და ზეიმობდა..

Advertisements

0 Responses to “Theme number three”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: