29
Jul
09

მზის სიმღერა

1459615-African-Sunrise-0

გამიგონია, წელიწადში ერთხელ, გამთენიისას, როდესაც მზე ამოდის, ისეთი წამი დგება, როდესაც მთელი სამყარო ჩუმდება. სულ რაღაც წამის მეასედის განმავლობაში არც წყლის საამო ჩუხჩუხი ისმის, არც ფრინველთა ჭიკჭიკი, არც ნიავის ზუზუნი და არც ამ ნიავით გამოწვეული ფოთლების შრიალი. იდეალური სიჩუმე დგება. სწორედ ასეთ დროს, დაკვირვებულ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს  ის ხმა, რომელსაც მზის სხივი გამოსცემს უსაშველოდ სუფთა და გამჭვირვალე ჰაერთან შეხებისას. ეს მშვენიერი მელოდია, დროის უმცირეს მონაკვეთშიც კი არ გრძელდება, მაგრამ რახან მოუსმენ, მოგეჩვენება, რომ დრომ შეაჩერა მოძრაობა, სამყარო უცებ გაშეშდა, ყველაფერი უცოდველი და წმინდაა, შენ კი, დგახარ ერთადერთი ცოცხალი არსება დედამიწაზე და ამ ღვთაებრივ ხმას უსმენ.
ასე ხდება ეს.
ჩვენში ამბობენ, რომ ზაფხულის ბუნიობის დილას არის შესაძლებელი მოსმენა, რიჟრაჟზე. სახით აღმოსავლეთისკენ უნდა გაათენო, მთელი ღამე თვალი არ უნდა მოხუჭო და მზის სხივების პირველი დანახვისას აუცილებლად გაიგონებ ამ ხმას. რამდენად მართალია არ ვიცი, როდესაც ბავშვი ვიყავი, ერთი – ორჯერ ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა: ტყუილად ვათენე ღამეები.
რამდენადაც ვიცი, „მზის სიმღერას“ უწოდება ხალხი ამ მოვლენას. ყოველ შემთხვევაში, თავს იმით ვიზღვევ, რომ ვისთანაც ამ საკითხზე მილაპარაკია, ასე უწოდებდა.

მე ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. სოფელში ვიზრდებოდი. ოთხი წლით უფროსი ძმა მყავდა. როგორც ყველა სოფლელი ბავშვი, ისევე მეც, სულ თან დავსდევდი და მისი ყველა „საიდუმლო“, რომლებიც ჩემდა საუბედუროდ ბევრი ჰქონდა, მინდოდა რომ გამეგო.
ჩემი ძმისთვის რომ გეკითხათ, რამდენი წლისაც იყო, იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი მზის სიმღერა. ასე მეუბნებოდა, მაგაზე სასიამოვნო მოსასმენი არაფერიაო. ყველანაირად ვცდილობდი, როგორმე მისი გული მომეგო და ნება დაერთო მასთან ერთად გამეთენებინა ბუნიობა, რომ მეც მომესმინა, მაგრამ ერთხელ ნათქვამს ფეხს არ უცვლიდა: აუცილებლად მარტო უნდა შეხვდე განთიადსო.
საბოლოოდ, მაინც გავარკვიე ეს საკითხი. 88 წლის პაპა გვყავდა, ღმერთმა აცხონოს მისი სული, შიო პაპა. საკმაოდ ჭარმაგი მოხუცი იყო. დღესაც მახსოვს, უკანასკნელ დღეში იყო, როდესაც რჩევებს არიგებდა ხალხში. მივედი მე შიო პაპასთან, კალთაში ჩავუჯექი და თვალებში შევხედე.
– ჰო, გურამ, რამე გინდა მთხოვო? – მისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმით მკითხა.
– პაპა, მზის სიმღერა გაგიგონია?
– ოჰო! როგორ არ გამიგონია, შვილო.
– პა, ნოდარი ყოველ წელს უსმენს მაგას..
ჩაიქირქილა პაპაჩემმა. მერე, ჩემს აცრემლებულ თვალებს რომ შეხედა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:
– შენც გინდა რომ მოუსმინო? მაშ გეტყვი: შენ რამდენისა ხარ, შვილო? რვისა ხომ? შენხელა რომ ვიყავი, მეც მინდოდა მაგის მოსმენა.
– ჯერ არ მოგისმენია?
– არა, შვილო, ჯერ არა. მე ასე მსმენია, რომ კაცი ცხოვრებაში ერთხელ იგებს მაგ ხმას და ისიც თუ გაუმართლა და განთიადისას მოკვდა. ეგრე მსმენია მე და ნოდარიმ რა გითხრა არ ვიცი.
სასწრაფოდ გავვარდი ჩემს ძმასთან. სხაპასხუპით მივაყარე პაპის ნათქვამი და ისიც ვუთხარი, მატყუარა ხარ – მეთქი. არაფერი უთქვამს, თავი ჩაღუნა და უხმოდ გამშორდა.

***

შესაკეთებელი ეკლესია. უკვე კარგა ხანია, რაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ სასწრაფო რესტავრაციაა საჭირო. შეყვანილიცაა იმ ისტორიულ – კულტურული ძეგლების სიაში, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოუყვეს ფული, მაგრამ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მხოლოდ მრევლის მიერ გაღებული მცირედი შესაწირის მეშვეობით აღიმართა ხარაჩოები.
ბიჭი ნერვიულად სცემდა ბოლთას ეკლესიის ეზოს ჭიშკართან. მაღალი იყო, შავთმიანი. რამდენჯერმე დახედა მაჯის საათს. ეტყობოდა, ვიღაცას მოუთმენლად ელოდა. მანქანები მიდი – მოდიოდნენ ქუჩაში ხმაურით. ივნისის ცხელი დღე იდგა.
უცბათ, ტაქსი გაჩერდა და ორი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭი, ეტყობა მათ ელოდებოდა, რადგან დანახვისთანავე სწრაფად გაეშურა მათკენ. მათაც მის შესახვედრად გასწიეს.
– გაუმარჯოს, სანდრო. – მიესალმა ერთი.
– მოხვედით? სადა ხართ აქამდე! გაუმარჯოს იკა, გიო. – ხელი ჩამოართვა ორივეს.
დაბალმა, ბრგე ყმაწვილმა, გიოთი რომ მოიხსენიეს, გაიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
– წავედით?
– წამო..
სამივენი ტაქსიში ჩასხდნენ. მანქანა სწრაფად დაიძრა.
– საით? – იკითხა სანდრომ, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა.
– ჯერ ჩემთან, მერე გეტყვი..

*

– მოკლედ რა ხდება, – ირაკლი ლაპარაკობდა. – ვორონცოვზეა ერთი ბაითი, მეორე სართულზეა. უნდა გავასუფთაოთ. თითო – თითო შეგვვდება ჩვენ..
– ნაღდი რამდენია აქედან?
– ნაღდი, გძეტა ხუთას – ხუთასი. უფრო მეტი.
– ხოო..
– ხვალე, ღამის თერთმეტზე თავისუფლდება და მთელი ღამე სვაბოდა გვაქვს. ჰა, რას იტყვით?
– კაი საქმეა?
– ხო გითხარი, ნაღდი დაგვრჩება ხუთასი მაინც, მინიმუმ, თან უსაფრთხოა. მეორე სართულზეა, თან ჟალუზები არა აქვს. დიდ კიბეს მივადგამთ და ეგაა რა.
– ვისი ბინაა?
– ერთია რა. ჩემი ყოფილი თანაკლასელია. ახლახან დამირეკა და მაგასთან ვიყავი სახლში. დღეს დაბადების დრე აქვს, მცხეთაში მიდიან, რესტორანში. მეც დამპატიჟეს, მაგრამ მე ვუთხარი, ბიძაჩემს უნდა მივეხმარო – თქო, რაღაცის კეთებაში. დაჟე „ბიძაც“ მყავს, რომ დაურეკონ. ვალერა როა, ხო იცი, ჩემთან, იმას მივეცი ნომერი და დავარიგე ასე და ასე თქვი – მეთქი.
– ვაა, საღოლ!
– ჰო, კიბეც დავითრიე გუშინ და იმ სახლის სადარბაზოს პადვალში ჩავიტანე.
– კაი ბინაა ხო, ესე იგი?
– კი, ფულიანი ხალხია. ოღონდ როგორ იცი? აი, კომუნისტების დროს რო იყო, რო არ აჩენდნენ, ეგეთები არიან. ფაიზაღი ვიცი, ბევრს გამოვიტანთ,
– კაი, ძმაო, ბაზარი არაა, მე შენთან ვარ, რახან ეგრე ბაზრობ..
– ბინა იცი? სად რას მალავენ იცი? მეზობლები იცი? არა რა, ეგრე არ შეიძლება, ასე ჰაერზე.. – სანდრომ სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა.
– კიი, როგორ არ ვიცი. სახში არავინ რჩება. ერთი კატა ყავთ და ვსიო. მეზობლები კიდე რა გააღვიძებთ, ჩუმად ვმუშავებთ. პირველ სართულზე კი, სადაც კიბე იქნება ახლოს და შეიძლება ასვლისას გაგვიგონ, გადაღძუებული პენსიონრები ცხოვრობენ და მაგათ რა გააღვიძებთ.
– მე, ძმაო, ლიჩნად შენს იმედზე მოვდივარ.. – სანდრო მოიღუშა. – რამე რომ მოხდეს, მერე ხომ იცი..
– ბაზარი არაა, ძმაო, მე გეუბნები, რომ არაფერიც არ მოხდება!..

*

სწორედ პირველი სართულიდან დაიწყო პრობლემები. იმ ფანჯრიდან, სადაც კიბე უნდა მიედგათ, თითქმის ღამის ორ საათამდე სიცილ – კისკისი და პიანინოს ხმა გამოდიოდა სიმღერის თანხლებით.
ირაკლიმ შეიგინა.
– ესაა პენსიონრები არიან, ქათმებვივით მალე იძინებენო?
– აზრზე არა ვარ რა ხდება, წესით უნდა ეძინოთ.ალბათ ვინმე ნათესავი ჩამოუვიდათ..
– წესით, ახლა, ჩვენ, თითო – თითო ათასი უნდა გვედოს ჯიბეში ნაღდი ფული!.. – გიოირგი გაბრაზდა. – ამისიც..
– მოვოფიქრე! – სანდრო წამოდგა. – ეხლა მივალ და ვეტყვი, ვითომ მეზობლის ნათესავი ვარ და გვაწუხებს ეგ ხმა.
– მოიცა, არ წახვიდე, მერე ძაღლობაში ეტყვიან შენს აღწერილობას..
– მაიცა რა! – აგდებით უთხრა სანდრომ. – აბა ასე აპირებ მთელი ღამე ცდას? აღრიცხვაზე არ ვარ და ფოტორობოტით კიდე ჩემ ფეხებს მიცნობენ.. თმებს გადავიპარსავ..
– ეე არა, ძმაო, ეგრე არ გვინდა, სარისკოა..
– კაი რა, პადიეზდის სიბნელეში დავდგები, სადაც შუქი არ ურტყავს, თან რას დაიხსომებენ, ბებრები არიან.
– არ ვიცი, სანდრიკ. სახიფათოა..
მაგრამ სანდრო უკვე აღარ უსმენდა გიორგის. ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა სადარბაზოსკენ. ბნელოდა. მარჯვნივ მდებარე ხის ძველებურ კარზე დამაგრებულ ზარის ღილაკს თითი დააჭირა და ნერვიულად დაიწყო ხელების სრესა. კარი გაიღო და მის წინ ახალგაზრდა, უსაშველოდ ლამაზი ქერათმიანი ქალი აღიმართა. მწვანე თვალები უელავდა. ირიბად კვეთდა სახლიდან გამომავალი შუქი მის სახეს, მაგრამ ეს საკმარისი იყო მისი ღვთაებრივი სილამაზის დასანახად. ოცი – ოცდაორი წლის იქნებოდა. სანდრო დაიბნა, ხმა ვერ ამოეღო. იდგა მისი სილამაზით მონუსხული და მდუმარედ შეჰყურებდა.
– უკაცრავად?!
– ისა.. მმე..
– ხო..
– თქვენს სახელს ვერ მეტყვით?
– ჩემი? მე ნათია მქვია. მაგრამ რა ხდება ვერ მეტყვი?
– ძალიან სასიამოვნოა, ნათია.. მე სანდრო ვარ..
– კარგი, სანდრო. მითხარი ახლა რა ხდება.
– არაფერი.. მე.. მე აქვე მეზობლად ჩამოვედი, ცოტას ხომ ვერ ჩაუწევდით? გვეძინება.. – სხაპასხუპით მიაყარა.
– მართლა? სად ჩამოხვედით?
– აი.. თქვენს ზემოთ.. წავედი ეხლა.. დავიძინოთ.. – ძლივს თქვა და ზედა სართულზე ავიდა.
ნათიამ გაკვირვებული სახით მხრები აიჩეჩა და კარი მოიხურა. ხუთ წუთსაც არ გაევლო, რომ შუქი ჩააქრეს და სახლში სიჩუმემ დაისადგურა.
– აბა ჰე! – გამოვიდა ოციოდე წუთის მერე სადარბაზოდან სანდრო. – მიადგი!
თითქმის ყველაფერი იდელურად წარიმართა. სახლში ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც ირაკლიმ თქვა. ათას – ათასი გამოიტანა თითომ. სანდრო დაბლა იდგა, კიდე ჰქონდა დამალული და ქუჩის მეორე მხარეს, და ასე ვთქვათ, დარაჯის ფუნქციას ასრულებდა.
გიორგი მშვიდობიანად ჩამოვიდა. ირაკლის ჩამოსვლის დროს კი მოხდა ის, რასაც არც ერთი არ ელოდა. კიბემ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა. ახალგაზრდა მამაკაცის ყვირილმა შეარყია ღამის სიჩუმე.
გიორგი არ დაიბნა, მოუსვა ხელი სამივეს წილს და თავპირისმტვრევით გაიქცა. სულ მალე შეერია სიბნელეს. მუცელგამოფატრული ირაკლი სულს ღაფავდა. გაფითრებულ სანდროს მისი თავი ეჭირა, მთლად სისხლში იყო მოსვრილი და მთელი ხმით მშველელს იხმობდა.
მალე სირენის ხმაც გაისმა. ეზო რა ხანია მაცხოვრებლებით გაივსო. სასწრაფოდან ექიმები გადმოვიდნენ და ხალხი აქეთ – იქით დაწიეს დიდი გაჭირვებით, მერე დაჭრილთან ჩაიმუხლეს.
საწყალ ირაკლის უკანასკნელი ხრიალი ამოხდა, დიდი თვალები მიანათა სანდროს და გათავდა.
ხმას ვერ იღებდა ვერავინ ექიმებისა და იმ ქალების გარდა, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, ტრადიციულად ასეთ საუბარსა მართავენ ხოლმე ერთმანეთში:
– საწყალი.. არა, მე ხმა კი გავიგე, მაგრამ..
– საქურდლად იყო შესული, ალბათ.. აბა, მაი კიბე რად უნდოდა?
– საწყალი კი არა ხალხს ბოლო ლუკმას ართმევდა და რაღა უნდოდა სხვა? ხომ გაგიგონია..
დაბნეული სანდროს თვალები ნათიასას შეეჯახა.იგი, იმ წუთას, როგორც არასდროს, საოცრად ლამაზი იყო. შეშინებული, გაკვირვებული და თითქოს უსუსური.
თვალი აარიდეს ერთმანეთს..
პატრულის მანქანა მოვიდა. მომხდარის „მოკლე გამოძიება მოახდინეს“, როგორც მოწმესა და იმ მოლაპარაკე ქალების თქმით ეჭვმიტანილს, სანდროს ხელი დასტაცეს და № განყოფილებაში მიიყვანეს.

*

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთადერთ ეჭვმნიტანილად სანდრო მიიჩნიეს ისე, რომ გიორგის გზა – კვალს ვერ მიაგნეს. ნათიაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, სანდროს წინააღმდეგ ერთადერთი საბუთი ჰქონდათ, იგი რატომღაც „დაზარალებულთან“ ერთად იყო მკვლელობის დროს. თავად სანდრომ თქვა, რომ არ იცნობდა ირაკლის და როდესაც მტვრევის ხმა გაიგონა, სახლში მიმავალმა მიირბინა მასთან, ასე მოხვდა მის მკლავებში მომაკვდავი. ერთადერთი იმედი ნათიაღა იყო. იგი, როგორც ერთადერთი მოწმე, რომელმაც ნამდვილი „მკვლელი“ იხილა. თუ იგი სანდროს ამოიცნობდა, მაშინ ყველაფერი დამთავრდებოდა.
საქმე ძარცვის, შემდეგ კი ამხანაგის ძარცვის მიზნით, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა.
– სახელი?
– ნათია.
– გვარი?
– ლებანიძე.
– ასაკი?
– ოცდაორი წლის.
– ესე იგი, თქვენ ბრძანდებით ერთადერთი მოწმე, ხომ? მითხარით, რა როგორ მოხდა.. მერე ამოცნობაზე გაგიყვანთ.
– როგორ მოხდა? როგორ და ნათლიებთან ვიყავი იმ ღამეს. დიდი ხანი იყო არ მენახა და იმათთან ვრჩებოდი. პიანინოს ვუკრავდით და ვმხიარულობდით. ჩვენი მეზობლის გასაქურდად ყოფილან მოსულები და ჩვენ ვუშლიდით ხელს. დააკაკუნა ერთმა პიროვნებამ, და მითხრა, რომ სწორედ იმათთან იყო ჩამოსული, და დაამატა, რომ ჩუმად გვემღერა, რადგან ხელს ვუშლიდით.
– იცნობთ იმ პიროვნებას?
– ძალიან ბნელოდა. ვერ დავიმახსოვრე იმის ანაგობა, მაგრამ თეთრი მაისური ეცვა. ჩემზე ოდნავ მაღალი იყო.
– ნათია, – ამოიოხრა პოლიციელმა. – იცით თუ არა, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ისეთ საჭირო ადამიანებს „აღარ ახსოვთ“ ხოლმე, როგორც თქვენ ხართ. ეს „დავიწყება“ კი იცით რას იქწვევს? ქურდების და მკვლელების თავისუფლად სიარულს!
– მე მართლა არ მახსოვს. – გულგრილად უპასუხა ქალიშვილმა. არ მოსწონდა პოლიციელის ტონი.
– კარგით, – თავს ძლივს იკავებდა გამომძიებელი. – სახელი ან რამე ისეთი არაფერი უთქვამს, რაც მისი პიროვნების დადგენაში დაგვეხმარება?
– არა, არ უთქვამს. მაგრამ თუ ვნახე, აუცილებლად ვიცნობ. ასე ვერ აგიწერთ.
– სანამ თქვენს ეზოში დავიჭერდით, შეუძლებელი იყო, არ შეგემჩნიათ, მოკლულთან დაჩოქილი ახალგაზრდა. მასაც თეთრი მაისური ეცვა იმ დღეს და სიმაღლითაც თქვენი სიმაღლეა. ხომ არ გეცნობათ?
– მე შოკში ვიყავი მაშინ, ნანახით და აღარაფერი მახსოვს.
– რაღას გააწყობ. – მოღუშული სახით ამოიოხრა პოლიციელმა. – აგერ, ამ ოთახში მობრძანდით. ახლავე შემოვიყვან ეჭვმიტანილებს და თქვენ, უბრალოდ, ის ნომერი დაასახელეთ, რომლის ქვეშაც იდგება, კარგი?
უხმოდ დაუქნია თავი ნათიამ.

*
სანდროს ცხოვრებაში ძირეული ცვლილება მოახდონა ირაკლის სიკვდილმა. იჯდა საერთო საკანში და მთელი დღეები თავის განვლილ და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრობდა. იგი მზად იყო წინასწარ განზრახვით ქურდობისთვის მოეხადა სასჯელი. გადაწყვეტილი ჰქონდა, სწავლა გაეგრძელებინა ან მუშაობა დაეწყო. ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი ჰქონდა. ყველაფერ ამის სტიმულს კი ნათია აძევდა, რომელის პირველი ნახვის შემდეგ ვერ ამოეგდო გულიდან.
ყველაფერს გულახდილად ვეტყვი, ხატზე დავუფიცებ, ჩემს სიმართლეს მიხვდება და შეიძლება შემიბრალოსო, – ფიქრობდა.
ამ ფიქრსა და დუმილში ორი დღე გავიდა. მესამე დღეს კი, ხელი დაავლეს და ამოსაცნობად გაიყვანეს ხუთ სხვა პატიმართან ერთად.
ნათია იჯდა წინ, როგორც ყოველთვის, დამატყვევებლად მშვენიერი. ლამაზ, ღრმა, მწვანე თვალებში კეთილი სული ირეკლებოდა.
რიგით მეხუთე მოუწია სანდროს,
– ქალიშვილო, – მიმართა პოლიციელმა. – ირაკლი გიორგაძე, ნოდარ ქავთარაძე, არჩილ ბერიძე, ბექა სანაია, სანდრო თვაური, არჩილ ვახტანგაძე. რამეს გეუბნებათ ეს სახელები?
თავი გააქნია ნათიამ მხოლოდ, ხმა არ ამოუღია.
– აბა კარგად დააკვირდით, არსად გვეჩქარება. გახსოვდეთ, რომ საქმე ეხება განზრახ მკვლელობას ქურდობის მიზნით. გთხოვთ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომ ამ არამზადებიდან ერთ ერთმა, სანამ ძმაკაცს მოკლავდა, მანამდე ახლობლის სახლი გაქურდა.
კარგად დააკვირდით და ამოიცანით.
ყველა პატიმარი განსხვავებული გარეგნობის იყო. არც ერთი არ ჰგავდა ერთი – მეორეს. ამას ემატებოდა სხვა და სხვა ფერის ტანისამოსი, რაც შეუძლებელს ხდიდა პიროვნების არევას.
დადგა გადამწყვეტი წუთი. ყურები აეწვა სანდროს. ნათია შორიდან, მაგრამ თვალებში უყურებდა, თითქოს რაღაცის ამოკითხვა სურსო.
ერთი წუთი გავიდა.
რომ ამოიცნოს, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.. ვერაფრით დაამტკიცებს მისი ჩადენილი რომ არ იყო მკვლელობა..
ორი წუთი..
არა, ისე უყურებს, უეჭველია მას დაასახელებს..
სამი წუთი..
ანერვიულდნენ პატიმრები. ცმუკვა დაიწყეს უმიზეზოდ. მხოლოდ სანდრო იდგა გახევებული და თვალებში შეჰყურებდა ნათიას, უსიტყვოდ ეუბნებოდა თავის სიმართლეს. ყველანაირ გრძნობას ამოიკითხავდით მის სახეზე.
ოთხი წუთი..
და მოხდა სასწაული.
იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე სანდრო წარმოიდგენდა. მას გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, მაგრამ ასე არა..
ნათიამ თავი ჩახარა და სუსტი ხმით, დამნაშავესავით, თითქოს სიტყვებს ძალით აგლეჯენო, ისე წარმოსთქვა:
– არა, არ არის არც ერთი.
– დაფიქრდით!.. – გააფრთხილა პოლიციელმა. – საქმე ეხება..
– ვიცი რასაც ეხება. არ არის არც ერთი აქედან!..
კიდევ ერთხელ ამოიოხრა მძიმე ფიქრებით თავდამძიმებულმა გამომძიებელმა.
– რა გაეწყობა..

*

საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, სანდრო რომ პოლიციის შენობიდან გამოვიდა. დაღვრემილი სახით გაუყვა ქუჩას. რატომ არ დაასახელა? ნუთუ.. არ ასვენებდა ფიქრები და ოცნებასაც ვერ ბედავდა. მიდიოდა თავისთვის, ნელი ნაბიჯით. წასასვლელიც არსად ჰქონდა. ორი წელი იყო, თავის უფროს ძმასთან ათევდა ღამეს, მაგრამ გული არ მიუწევდა იქითკენ. მთელი ღამე უმიზნოდ ხეტიალი უნდოდა.
მანქანამ გაუჩერა წინ. კარი შიგნიდან გააღეს. სანდრო ანგარიშმიუხემლად ჩაჯდა. სიბნელე იყო, ხმას არ იღებდა მძღოლი. ძალიან ჩუმი და წყნარი სიმღერა ისმოდა მაგნიტოფონიდან.
მძღოლს დააკვირდა სანდრო. ქალი მართავდა საჭეს. ქერა თმები, ლამაზი წამწამები, სწორი ცხვირი.. შემხვედრი მანქანების შუქზე მან ნათია შეიცნო..
დიდხანს დუმილს არც ერთი არ არღვევდა. ბოლოს, ისევ ბიჭმა შეძლო ხმის ამოღება.
– ნათია..
– ჰო..
– ნათია.. იცი.. შენ რომ დღეს ჩვენება მიგეცა.. მე.. მე დავიღუპებოდი..
– ვიცი.
– ნათია, რაღაც მინდა გითხრა..
– თქვი.
– რატომ არ დამასახელე?
ძალიან ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. მერე ნათიამ სანდროს თვალებში შეხედა და მძიმედ დაიწყო:
– არ ვიცი.. მემგონი თვალებში შეგატყვე, მემგონი ქცევაზე. არ ვიცი, მემგონი.. მოკლედ რატომ არ დაგასახელე ვერ გამიგია, ერთი კი ვიცი, რომ იმ სახლიდან არც ფული წამოგიღია, და არც კიბე წაგიქცევია ძალით..
– ნათია, ღმერთს გეფიცები..
– არ გინდა..
– სად მიგყავარ?
– არ ვიცი..
– სადღაც წაგიყვან, დამსვი.
სიბნელეს შეერია მანქანა. ქალაქის ქუჩებში წყნარი სიარულის შემდეგ, იმ ხარაჩოებიანი ეკლესიის წინ გააჩერა სანდრომ მანქანა, სულ თავიდან რომ მეგობრებს შეხვდა.
– აი, მოვედით.
ნათიამ თავშალი დაიხურა თავზე და ორივენი შევიდნენ. საკურთხეველთან ერთი კანკელი ენთო მხოლოდ. იქვე, კუთხეში, წელში მოხრილი კაცის ლანდს გაარჩევდით. იჯდა და ლოცულობდა. მისკენ გაემართა სანდრო.
– მამაო ზურაბ!
მღვდელი წამოდგა და თავისი მშვიდი სახე მიანათა ახალმოსულს.
– მიცანით, მამაო ზურაბ?
– შვილო, სანდრო! – გაიღიმა თავისი ღვთაებრივი სიცილით მამაომ. – რამდენი ხანია აქ არ ყოფილხარ. რატომ დაივიწყე ეკლესიაში სიარული?
– ციხეში ვიყავი, მამაო.
– შვილო ჩემო.. – სახე შეეცვალა მამა ზურაბს.
– მამაო, – აღარ აცადა სანდრომ ლაპარაკი. – მე აქ მოვედი, რომ აღსარება ჩაგაბაროთ ამ გოგოსთან ერთად. მაგას ნათოა ჰქვია და ჩემი ღმერთია.. – წყლიანი თვალებით ლაპარაკობდა, ყელში ბურთი ჰქონდა გაჩრილი. – მინდა მოისმინოს, რომ არ შემცდარა..
– შვილო ჩემო, არ შეიძლება ესე. დიდი ცოდვაა საიდუმლოს..
– მამაო..
– არ არის საჭირო. – გაისმა ნათიას ხმა. – გავალ მე და ჩააბარე.
ნახევარი საათის შემდეგ სანდრო ეკლესიიდან გამოვიდა და ნათიას მიუჯდა გვერდით.
– გჯერა ახლა?
– კი, მჯერა. – ჩახარა თავი მან.
– ნათია..
– რა იყო?
– ნათია, ნება მომეცი, რომ გნახო ხოლმე.. მე.. მე ვერ გავძლებ ისე..
– კარგი, სანდრო..
– წავალ მე ახლა..
მანქანის კარი გაიღო და სინათლე აინთო შიგნიდან. ბიჭი ზურგით იდგა და ვერ დაინახა, თუ როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები ლამაზ, თეთრ სახეზე ქალიშვილს.

*

მართლაც, სანდრომ ახალი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. წარსული თითქოს სულაც დაივიწყა. სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. სამუშაოც მოძებნა. თავისუფალ დროს ნათიასთან ატარებდა. მოკლკედ, თავს ბედნიერად გრძნობდა.
ძველი ნაცნობები თითქმის ყოველდღე აკითხავდნენ, მერე თანდათან ჩამოცილდნენ. არც თამაშის დაძალებამ, არც არაფერმა არ გაჭრა. სანდროს ნათია უყვარდა და მისი სიყვარულით სულდგმულობდა.
ასე წყნარად და მშვიდად მიდიოდა თითქოს ცხოვრება, მაგრამ ერთ ღამეს, სანდროს კარზე კაკუნი გაისმა და დაარღვია მთელი ეს იდილია. თვალებჩასისხლიანებული გიორგი აკაკუნებდა.
– ვა, შემო..
არც დასჭირვებია თქმა, სანამ შეიპატიჟებდა, მანამდე ჯიქურად შევიდა და მაცივრის კარი გამოაღო.
– შენ, ვაფშე.. ეგრე უნდა ხო? – თან ილუკმებოდა და თან ლაპარაკობდა.
– რა იყო?.. – დაიბნა სანდრო.
– რა რა იყო ტო! ეგრე ცირკის ბოზივით უნდა გამყიდო? გამოვიდა ვაჟკაცი ციხიდან და ცხოვრობს პატიოსნად! – ირონიულად გაიღიმა გიორგიმ.
– რას ამბობ, დაუკვირდი! – ხმას აუწია სანდრომ.
– ე, ხმას ნუ უწევც ბიჭო, რა! – ანერვიულდა გიორგიც. – ეგღა მაკლია ვიღაც ბოზებმა მიყვირონ! იცი, რომ მკვლელობისთვის ვიძებნები? თან ქურდობისთვის? ეს უვადო სროკია იცი? უნდა გავიდე ქვეყნიდან!
– მოიცა, დაჯექი და მომისმინე! ყვირილით და ნერვიულობით ვერაფერს გააწყობ..
– მოიცა კი არა მომისმინე აგერ! შენ ჩაგავლეს? ჩაგავლეს. გამოძვერი სუფთა? გამოძვერი. ჩამოგვშორდიი? ხოდა არ უნდა ბევრი ბაზარი რა! ყველაფერი გასაგებია!
– ამდენს არ მოგითმენ!.. – წამოიწია სანდრო და სახე აუხურდა.
გიორგიმ მუშტი მოიქნია და სანდროს გაარტყა. სანდრო სწრაფად მოვიდა გონზე და მოწინააღმდეგეს წელში ეცა. გიორგი წამოხტა და ქამარში დამალული დანა ამოიღო. ხმაურზე დათომ შემოირბინა.
– რას აკეთებ! – იყვირა და ძმისკენ გაიქცა.
მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. სისხლი ესხა კედლებზე. სისხლში იყო მოსვრილი სანდრო. მისი ძმა უგონოდ ეგდო მის გვერდით.. როცა თვალი გაახილა, გიორგის ლანდს მოკჰკრა თვალი. მერე დათოს დახედა..

*

– როგორ ხარ, სანდრო?
– არ ვიცი, აუცილებლად უნდა ვნახო..
– არ გინდა რა.. გეხვეწები, ხომ ხედავ, შენი ძმა ძლივს გადარჩა..
– ნათი, მისმინე, საჩხუბრად კი არ მივდივარ, დალაპარაკება მინდა უბრალოდ..
– სანდრო..
– ნათი, ნუ მთხოვ რომ არ წავიდე.. უბრალოდ უნდა დაველაპარაკო, შენს თავს ვფიცავარ..
– აუ..
– დაველაპარაკები და მორჩა.
– ჩემს თავს გაფიცებ, იარაღი არ წაიღო..
– რა სულელი ხარ, რა იარაღი.
– ეკლესიაში წამო, მამა ზურაბთან. უთხარი..
– კარგი.

*

თენდებოდა. სადაცაა მზე უნდა ამოსულიყო. მანქანამ სვლას უკლო და ძალიან მალე გაჩერდა. იქიდან სანდრო გადმოვიდა და მისგან ზურგით მდგარი ორი მამაკაცისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
– ვინაა, ტო, ვინ უნდა მნახოს, არ მეტყვი?- გიორგის ხმა ისმოდა გარკვევით.
– ნახავ!
უცბათ მოხდა ყველაფერი. გიორგი შემოტრიალდა და მისკენ სწრაფად მიმავალი სანდრო დაინახა, რომელსაც ხელები სიცივისაგან ჯიბეებში ჩაეწყო. რა თქმა უნდა თავისებურად იფიქრა და..
– აუ, იარაღი, ჩემი..
და „დაასწრო“. თავისი ამოიღო და ესროლა.
სანდრო პირაღმა დაეცა, გიორგი თავპირისმტვრევით გაიქცა, მისმა თანმხლებმა პირმა სანდროსთან მიირბინა და ჩაიმუხლა. მანქანიდან კივილით გადმოხტა ნათია, რომელსაც მამა ზურაბი მიყვებოდა.
ნათია ტიროდა, მღვდელი მას აკავებდა, ბიჭი ჭრილობაზე მთელი ძალით აწვებოდა, სანდრო კი იღიმებოდა.
– მა.. მამაო ზურაბ.. ვკვდები მე ეხლა.. ღმერთმა იცის, რომ.. უბრალო ვარ ამ საქმიდან.. ე.. ეს გოგო მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.. იზრუნეთ მასზე.. ცო.. ცო..
– ნუ ლაპარაკობ, შვილო, არ შეიძლება..
– მანქანაში, დროზე! – ნერვიული ცახცახი აუვარდა ნათიას.
– არ შეიძლება.. – ამოიღო ხმა მაღალმა, მთლად სისხლში მოთხვრლმა შავგვრემანმა ბიჭმა, გიორგის რომ ახლდა.
– ნათი.. – სუსტი ხმით დაიწყო მომაკვდავმა. – ნუ ტირრიხართ.. ჩუ.. ერთ წამს.. სსუ..
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მზის პირველმა სხივებმა გაანათეს იქაურობა.
ღიმილით წავიდა იმ ქვყანას, სანდრო თვაური.

***

ეს ამბავი მამა ზურაბმა მიამბო დაწვრილებით.
ვერ გეტყვით რომ რეგულარულად, მაგრამ დღესაც დავდივარ მის საყვარელ ეკლესიაში და სანდროს სულისთვის ვანთებ სანთელს. თავს ვერ დავდებ, რომ სულ მახსოვს და ჩემს ყველა ლოცვაში ვიხსენიებ, მაგრამ ერთადერთი ადამიანი კი იყო, ვინც მე ვიცი, მზის სიმღერა რომ მოისმინა.
მე ასე მწამს, და რა ვიცი..

Advertisements

0 Responses to “მზის სიმღერა”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: